თუშეთი საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1700 – 4500 მ სიმაღლეზე მდებარეობს. ზამთარი ცივია, ზაფხული – გრილი. თუშეთი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძნელად მისადგომი რეგიონია. აქ მდებარეობს ევროპის ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი – სოფელი ბოჭორნა (2 360 მ). მიუდგომლობას თავისი ხიბლიც აქვს, ვინაიდან აქაური ბუნება მისი პირვანდელი სახით არის შემონახული და თამამად შეიძლება ითქვას, რომ თუშეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა.
თუშეთის ტერიტორიაზე მდებარეობს სახელმწიფო ნაკრძალი, სადაც ნებადართულია მხოლოდ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურიზმი. ნაკრძალის ტერიტორიაზე გადაადგილება შეიძლება ფეხით ან ცხენით და მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ მარშრუტებზე.
თუშეთში მყინვარული წარმოშობის მრავალი პატარა ტბაა, რომელთა დიამეტრი 20 მეტრს არ აღემატება. აგრეთვე არის სამკურნალო-მინერალური წყაროები.