თელავი – ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. თბილისიდან 70 კმ-ით არის დაშორებული და ზღვის დონიდან 650 მ სიმაღლეზე მდებარეობს. კლიმატი ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულია. ზამთარი ზომიერად ცივია, ზაფხული – ცხელი. ტერიტორიის დიდი ნაწილი ფართოფოთლოვანი ტყეებით არის დაფარული.
რეგიონში არის მრავალი ხუროთმოძღვრული ძეგლი. მათ შორის: იყალთოსა და შუამთის მონასტრები, ალავერდი – რომელიც თბილისის სამების შემდეგ ყველაზე მაღალი ქრისტიანული ტაძარია საქართველოში – მისი სიმაღლე 50 მეტრს აღწევს. ტურისტების განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობს კახეთის ულამაზესი ტბა “ლოპოტა”, რომლის მიმდებარე ტერიტორია VIP დონის კურორტად არის ქცეული.
თელავი ქართული მეღვინეობისა და “ღვინის ტურების” მთავარ ცენტრს წარმოადგენს. აქ აწარმოებენ 70-მდე სახის ღვინოს. მათ შორის ყველაზე ცნობილია “ქინძმარაული”, “საფერავი” და “წინანდალი”. ღვინის ქარხნების გარდა ტურისტებს ეძლევათ საშუალება ეწვიონ საოჯახო მარნებს და გაეცნონ ღვინის სახლის პირობებში დამზადებისა და შენახვის საიდუმლოს. ეწყობა ქართული სამზარეულოს მასტერ-კლასები, ღვინის დეგუსტაცია. სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ წალამზე შემწვარი მწვადი. შემოდგომაზე – მონაწილეობა მიიღონ რთველსა და ყურძნის ქვევრებში ჩაწურვის, ჩურჩხელას ამოვლების პროცესში.