აბასთუმანი

აბასთუმანი
აბასთუმანი – დაბა საქართველოს სამხრეთ ნაწილში, მესხეთის ქედის კალთაზე, მდინარე ოცხეს ხეობაში, ზღვის დონიდან 1 350 მ-ის სიმაღლეზე. მანძილი თბილისიდან – 200 კმ. ჰავა ზომიერად მშრალია, ხეობის ფერდობები წიწვოვანი ტყით არის დაფარული. მთები ხეობას მკვეთრი ქარებისაგან იცავს.

აბასთუმანი ეკოლოგიურად სუფთა კურორტის ეტალონს წარმოადგენს. ხასიათდება უნიკალური ატმოსფერული პირობებით, რომელთა შორისაც, პირველ რიგში, ჰაერის მაღალი გამჭვირვალობა უნდა დავასახელოთ. აბასთუმანი სამთო-ბალნეოლოგიურ კურორტებს მიეკუთვნება. აქაური ჰაერი რეკომენდირებულია სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. კურორტის ტერიტორიაზე ამოდის სამი ჰიპერთერმული მინერალური წყარო. სამკურნალო წყლის აბაზანები გამოიყენება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, პერიფერიული ნერვული სისტემის, კანისა და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.

  • Горный ландшафт Абастумани
  • Горы Абастумани
  • Пеизаж Абастумани
  • Зима в Абастумани
  • Абастумани Весной

აბასთუმანი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი კურორტია. მისი ჰიპერთერმული წყაროების სამკურნალო თვისებების შესახებ ცნობები გვხვდება როგორც ქართულ, ასევე ირანულ ლეგენდებსა და ახლო აღმოსავლეთის ფოლკლორში. ერთ დროს აბასთუმანი ქართველი მეფეების ზამთრის რეზიდენციად ითვლებოდა. აქ ისვენებდნენ და მკურნალობდნენ რუსეთის საიმპერატორო ოჯახის წევრები.

აბასთუმანში ტურისტები არა მხოლოდ სამკურნალოდ, არამედ უძველესი არქიტექტურის ნიმუშების სანახავადაც ჩამოდიან, რომელთა შორისაც აღსანიშნავია “ახალი ზარზმა”, “თამარის ციხე” (IX‐XI სს.), “თამარის ხიდი” მდინარე ოცხეზე (IX‐XI სს.). აბასთუმანში მდებარეობს წმ.გიორგის სახელობის ეკლესია, რომლის რესტავრაციის დროს აღმოაჩინეს XIV საუკუნით დათარიღებული უნიკალური ფრესკა და მაცხოვრის ნათლობის სცენის აღმსახავი კედლის მხატვრობა.

  • Церковь в Абастумани
  • Абастуманская обсерватория
  • Туризм в Абастумани
  • Телескоп в обсерватории
  • Телескоп

კურორტის სავიზიტო ბარათად აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია ითვლება. დიდ ობსერვატორიებისთვის მხოლოდ საუკეთესო ასტროკლიმატის მქონე ადგილებს ირჩევენ: ჰაერის მაღალი გამჭვირვალობა, სუფთა და მდგრადი ატმოსფერო, წლის განმავლობაში მოღრუბლული დღეების მინიმალური რაოდენობა – მხოლოდ ასეთ პირობებშია შესაძლებელი ტელესკოპით ციურ სხეულებზე მუდმივი დაკვირვების წარმოება. აბასთუმნის ჰაერი იმდენად გამჭვირვალეა, რომ ზოგჯერ დღისითაც შესაძლებელია პლანეტა ვენერას შეუიარაღებელი თვალით დანახვა.

ობსერვატორიაში 15 სხვადასხვა ტიპისა და ზომის ტელესკოპია დამონტაჟებული. ტურისტებისთვის ეწყობა ექსკურსიები ობსერვატორიისა და მის ტერიტორიაზე არსებული მუზეუმის დასათვალიერებლად. ღამის საათებში დამთვარიელებლებს ტელესკოპით ციურ სხეულებზე დაკვირვების საშუალება ეძლევათ. ზაფხულის საკურორტო სეზონის განმავლობაში ექსკურსიები ტარდება ყოველდღე, დილის 11-დან ღამის 3 საათამდე. ექსკურსია შეიძლება იყოს როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური (მხოლოდ ერთ პირზე გათვლილი).

Комментирование запрещено