ბათუმი – ქალაქი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი. მდებარეობს შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. წარმოადგენს მსხვილ საერთაშორისო ნავსადგურს. ქალაქის სახელწოდება წარმოიშვა ბერძნული სიტყვიდან bathus, რომელიც ითარგმნება როგორც “ღრმა”.
ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. ზამთარი თბილი და უთოვლო, ზაფხული კი საკმაოდ ხანგრძლივია. სანაპირო ზოლი ხასიათდება ზღვის ნიავით, რის გამოც ზაფხულში სიცხე შედარებით ნაკლებად იგრძნობა.
ბათუმი თანამედროვე საქართველოს მთავარ ტურისტულ ცენტრად ითვლება. საზღვაო კურორტების უმეტესობისაგან განსხვავებით, სადაც ტურისტების ყურადღებას მხოლოდ სანაპირო ზოლი იპყრობს, ბათუმში შეგვიძლია დავტკბეთ ისტორიული და თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშებით, გავისეირნოთ ქალაქის პარკში, მოვინახულოთ მუზეუმები, ბოტანიკური ბაღი, ბათუმის აკვარიუმი და დელფინარიუმი, აკვაპარკი, მრავალრიცხოვანი ქანდაკებები და ფანტანები. ეწყობა ექსკურსიები ჩანჩქერების, ძველი ციხესიმაგრეების, შუასაუკუნოვანი ხიდების, ღვინის სახლებისა და სხვა ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად.
ბათუმში არის სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობების საკულტო ნაგებობები: მართლმადიდებლური ეკლესიები და ტაძრები, სომხური ეკლესია, კათოლიკური ეკლესია, ისლამური მეჩეთი და ებრაული სინაგოგა:
ბათუმის მუზეუმები:
- არქეოლოგიური მუზეუმი
- რელიგიის მუზეუმი
- ხელოვნების მუზეუმი
- ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმი
- საზღვაო მუზეუმი
- თანამედროვე ხელოვნების ცენტრი
ბათუმის ბულვარი ქალაქის სანაპირო ზოლის გასწვრივ არის განთავსებული. მისი სიგრძე 7 კმ-ს აღწევს. ბულვარს ესაზღვრება მრავალი კაფე, რესტორანი, ფანტანი და საბავშვო ატრაქციონი. აქვე შეგვიძლია ვიხილოთ ფერადი “მოცეკვავე ფანტანები”.
ბათუმის ზღვისპირა პარკი “6 მაისის პარკის” სახელწოდებას ატარებს. მის ტერიტორიაზე განთავსებულია ტბა “ნურიგელი”, დელფინარიუმი, აკვარიუმი, ზოოკუთხე, საბავშვო ატრაქციონები. პარკი ისეა დაპროექტებული, რომ მის ბილიკებზე სეირნობის დროს შეგვიძლია დავათვალიეროთ სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები: ქანდაკება “ალი და ნინო”, ქართული ანბანის კოშკი, ეშმაკის ბორბალი, მზის საათი, ბათუმის თაუერი და ძველი შუქურა.
საოცრებათა პარკი ბათუმისბულვართან მდებარეობს. აქ განთავსებულია ბათუმის შუქურა, ცნობილი სკულპტურა “მე, შენ და ბათუმი”, ეშმაკის ბორბალი – მისი სიმაღლე 55 მეტრია და ერთ სრულ ბრუნს 10 წუთს ანდომებს.
ტურისტების განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს საოცრებათა პარკის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ანბანის კოშკი და ჭაჭის შადრევნებიანი კოშკი.
ქართველი ერის ნაციონალური თვითგამოხატვის მთავარ სიმბოლოს მისი უნიკალური დამწერლობა წარმოადგენს. ბათუმის საოცრებათა პარკში დგას ლითონისაგან აგებული, 130 მ სიმაღლის ნაგებობა – ქართული ანბანის კოშკი, რომელზეც ქართული ანბანის 33-ვე ასოა გამოსახული. შენობაში გადაადგილებისთვის დამონტაჟებულია შემინული პანორამული ლიფტი. კოშკის გუმბათი ასევე მინისგან არის დამზადებული და წარმოადგენს მბრუნავ სფეროს. აქ განთავსებულია ობსერვატორია, რესტორანი და სატელევიზიო სტუდია. სფერო სრულ ბრუნს ზუსტად ერთი საათის განმავლობაში ასრულებს.
ანბანის კოშკის მახლობლად საოცრებათა პარკში მდებარეობს ჭაჭის შადრევნებიანი კოშკი. საქართველოში მეღვინეობისა და ალკოჰოლური სასმელების დამზადების ხელოვნება კულტურის სიმაღლეზეა აყვანილი, სწორედ ამ მოვლენისადმი არის მიძღვნილი ჭაჭის კოშკი. მისი სიმაღლე 25 მეტრს აღწევს. კოშკის გუმბათთან დიდი საათია დამონტაჟებული. ნაგებობა გარშემორტყმულია 4 აუზით. კვირაში ერთხელ, 10-15 წუთის განმავლობაში, ამ აუზში შადრევნებიდან გადმოდის ნამდვილი ჭაჭა, რომელიც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დალიოს.
გმირთა მოედანი – აქ განთავსებულია იუსტიციის სახლის ულამაზესი შენობა. მოედნის ცენტრში დგას მოძრავი ქანდაკება“როტაცია”. მასში გამოხატულია ადამიანის სახე და ემოციები, რომლებიც სხვადასხვა განზომილებაში იცვლება და დროის შეუჩერებელი დინების სიმბოლოდ აღიქმევა.
მოედანთან ახლოს მდებარეობს მუსიკალური ფანტანი. ღამით იგი ფერადი ნათურებით არის განათებული, თან ახლავს სასიამოვნო მუსიკა, სამგანზომილებიანი ლაზერული შოუ, რაც “მოცეკვავე წყლის” ილუზიას ქმნის. გარდა ამისა ბათუმში სხვა უამრავი შადრევანიც არის.
ევროპის მოედანი ძველი ბათუმის ცენტრში მდებარეობს, გარშემორტყმულია ლამაზი, ორიგინალური შენობებით. მოედანზე დგას მედეას ქანდაკება, რომელიც ბერძნული მითოლოგიის მიხედვით კოლხეთის მეფის ქალიშვილი იყო. მოედნის მიმდებარე ერთ-ერთ უნიკალურ არქიტექტურულ შენობაზე ასტრონომიული საათია განთავსებული. იგი აღჭურვილია სპეციალური მექანიზმით, რომელიც გვანახებს არა მხოლოდ დღე-ღამის დროს, არამედ გვაწვდის ინფორმაციას მზის, მთვარის, ვარსკვლავებისა, პლანეტების განლაგებისა და მოძრაობის შესახებ.
ბათუმის მოედანი “პიაცა” საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია. გამოირჩევა მხატვრული, მოზაიკური და ვიტრაჟული ხელოვნების ნიმუშებით. მოედანს გარს აკრავს რესტორნები, კაფეები და სასტუმროები.
ქანდაკება “ალი და ნინო” – ასევე ცნობილია “სიყვარულის ქანდაკების” სახელით. ეს არის მამაკაცისა და ქალის 8 მეტრის სიმაღლის მოძრავი სკულპტურა, რომელიც სხვადასხვა ეროვნების ხალხთა შორის სიყვარულისა და ურთიერთ პატივისცემის სიმბოლოს წარმოადგენს.
ბათუმის დრამატული თეატრის წინ აღმართულია ნეპტუნის შადრევანი. იგი 5 ფრაგმენტისაგან შედგება, რომელთა ცენტრშიც ნეპტუნის ქანდაკებაა განთავსებული.