ამბროლაური – საქართველოს მუნიციპალიტეტი, რომლის მთავარ ცენტრს მდინარე რიონის ნაპირზე გაშენებული ქალაქი ამბროლაური წარმოადგენს. სიმაღლე ზღვის დონიდან – 500 მ. მანძილი თბილისიდან – 280 კმ. ამბროლაურს გარშემო მთები აკრავს. ზოგიერთი მათგანის სიმაღლე 2 000 მეტრს აღწევს.
ჰავა ნოტიოა, ზამთარი ცივი, ზაფხული კი თბილი და ხანგძლივია. ტერიტორიის ნახევარზე მეტი ტყით არის დაფარული. მცენარეულობაში ფოთლოვანი ხეები ჭარბობს.
ამბროლაური იმერეთის მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო. სამეფო სასახლის კომპლექსიდან შემორჩენილია მხოლოდ ეკლესიის და კოშკის ნანგრევები. ხუროთმოძღვრულ ძეგლთა შორის პირველ რიგში აღსანიშნავია ნიკორწმინდის ტაძარი (XI ს.). ტურისტების ყურადღებას აგრეთვე იპყრობს კარსტული მღვიმეები და ულამაზესი ხელოვნური წყალსაცავი – შაორის ტბა.
ამბროლაურის სავიზიტო ბარათად ითვლება ღვინო ხვანჭკარასადმი მიძღვნილი ძეგლი, რომელიც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დგას. ხვანჭკარა ყველაზე იშვიათ და ძვირადღირებულ ქართულ ღვინოთა რიცხვს მიეკუთვნება. იგი წითელი, ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოა და მზადდება ყურძნის ორი ადგილობრივი ჯიშის შერევით.